ვაბისმო - Vabysmo
ვაბისმო - Vabysmo

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტინეოვასკულური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ვაბისმო 120 მგ/მლ საინექციო ხსნარი

ფარიციმაბი

ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ამით შესაძლებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის სწრაფად განსაზღვრა. თქვენ დახმარებას გაუწევთ, თუ მოახსენებთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც შესაძლოა გაგივითარდეთ. გვერდითი მოვლენების მოხსენების წესი იხილეთ ქვეთავი 4-ის ბოლო ნაწილში.

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა თავიდან ბოლომდე მანამ, სანამ ამ პრეპარატის მიღებას დაიწყებთ, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

• შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა, თქვენ მისი განმეორებით წაკითხვა დაგჭირდეთ.

• თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს,.

• გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ბროშურაში შეიძლება ჩამოთვლილი არ იყოს. იხ. ქვეთავი 4.

ამ ბროშურაში არსებული ინფორმაცია

**1. რა არის ვაბისმო და რისთვის გამოიყენება ის **

**2. რა უნდა იცოდეთ ვაბისმოს მიღებამდე **

3. ვაბისმოს გამოყენების წესები

**4. შესაძლო გვერდითი მოვლენები **

**5. ვაბისმოს შენახვის წესები **

6. ამ პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ვაბისმო და რისთვის გამოიყენება ის

ვაბისმო შეიცავს აქტიურ ნივთიერება ფარიციმაბს, რომელიც ეკუთვნის ანტინეოვასკულარიზაციის აგენტების სახელწოდებით ცნობილ მედიკამენტების ჯგუფს.

ექიმი აკეთებს ვაბისმოს თვალშიდა ინექციას, იმისათვის რომ უმკურნალოს თვალის მხრივ შემდეგ დარღვევებს მოზრდილებში:

• ნეოვასკულური (სველი) ასაკობრივი მაკულური დეგენერაცია (nAMD),

• მხედველობის დარღვევები დიაბეტური მაკულური შეშუპების გამო (DME).

ეს დარღვევები გავლენას ახდენს მაკულაზე, ბადურის (შუქმგრძნობიარე გარსი თვალის უკანა ნაწილში) ცენტრალურ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს ნატიფ ცენტრალურ მხედველობას. ნეოვასკულურ (სველ) ასაკობრივ მაკულურ დეგენერაციას (nAMD) იწვევს პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდა, საიდანაც ხდება სისხლის და სითხის გაჟონვა მაკულაში, ხოლო დიაბეტურ მაკულურ შეშუპებას (DME) იწვევს გაჟონვადი სისხლძარღვები, რომლებიც თავის მხრივ იწვევს მაკულურ შეშუპებას.

ვაბისმოს მოქმედების მექანიზმი

ვაბისმო კონკრეტულად ამოიცნობს და ბლოკავს იმ ცილების აქტივობას, რომლებიც ცნობილია ანგიოტენზინ-2-ის და ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორი A-ს სახელწოდებით. როდესაც ორგანიზმში ამ ცილების დონე ნორმალურს აღემატება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდა და/ან ნორმალური სისხლძარღვების დაზიანება შემდგომი გაჟონვით მაკულაში, რაც იწვევს შეშუპებას ან დაზიანებას, და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის მხედველობაზე. ამ ცილებთან მიერთებით, ვაბისმოს შეუძლია დაბლოკოს მათი აქტივობა და პაციენტს თავიდან ააცილოს სისხლძარღვების პათოლოგიური ზრდა, გაჟონვა და შეშუპება. ვაბისმოს შეუძლია გააუმჯობესოს დაავადების მიმდინარეობა და/ან შეამციროს დაავადების გაუარესების ტემპი, და ამით შეინარჩუნოს ან კიდეც გააუმჯობესოს მხედველობა.

2. რა უნდა იცოდეთ ვაბისმოს მიღებამდე

თქვენ არ უნდა მიიღოთ ვაბისმო:

• თუ ალერგიული ხართ ფარიციმაბის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ინგრედიენტები ჩამოთვლილია ქვეთავში 6).

• თუ გაქვთ აქტიური ან საეჭვო ინფექცია თვალში ან მის ირგვლივ.

• თუ გაქვთ თვალის ტკივილი ან სიწითლე (თვალის ანთება).

თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, უთხარით თქვენს ექიმს. თქვენ არ უნდა გაგიკეთდეთ ვაბისმო.

სიფრთხილის ზომები

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ვაბისმოს მიღებამდე:

• თუ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება, რომელსაც ჩვეულებრივ, იწვევს თვალშიდა წნევის მომატება).

• თუ ანამნეზში გაქვთ სინათლის გაელვებები ან მცურავი ლაქები (შავი მცურავი ლაქები) მხედველობის ველში და გაქვთ ამ მცურავი ლაქების ზომის და რაოდენობის უეცარი ზრდა.

• თუ გადაიტანეთ თვალზე ქირურგიული ოპერაცია გასული ოთხი კვირის განმავლობაში, ან თუ თვალის ოპერაცია დაგეგმილია მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში.

• თუ ოდესმე გქონიათ თვალის დაავადება, ან ჩატარებული გაქვთ თვალის დაავადების მკურნალობა.

დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუკი:

• უეცრად დაკარგავთ მხედველობას.

• გაქვთ თვალის შესაძლო ინფექციის ან ანთების ნიშნები, მაგ., თვალის გაძლიერებული სიწითლე, თვალის ტკივილი, მზარდი დისკომფორტი თვალის არეში, მხედველობის დაბინდვა ან გაუარესება, წერტილების რაოდენობის ზრდა მხედველობის ველში, მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ:

• ვაბისმოს უსაფრთხოება და ეფექტიანობა ორივე თვალში ერთდროულად შეყვანის დროს შესწავლილი არ არის, და მისმა ამგვარად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.

• ვაბისმოს ინექციებმა ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა გამოიწვიოს თვალის (თვალშიდა) წნევის დროებითი მომატება ინექციიდან 60 წუთს შემდეგ. თქვენი ექიმი ჩაატარებს თვალის წნევის მონიტორინგს ყოველი ინექციის შემდეგ.

• თქვენი ექიმი შეამოწმებს, გაქვთ თუ არა სხვა რისკის ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს თვალის უკანა მიდამოს ერთ-ერთი გარსის გახევის ან ჩამოცლის შანსი (ბადურის ჩამოცლა ან გახევა, და ბადურის პიგმენტური ეპითელის ჩამოცლა ან გახევა), რა შემთხვევაშიც ვაბისმოს მიცემა საჭიროა სიფრთხილით.

იმ პრეპარატების მიცემისას, რომლებსაც აქვთ ვაბისმოს მსგავსი მოქმედების მექანიზმი, არსებობს თრომბების წარმოქმნის რისკი სისხლძარღვების დახშობით (არტერიული თრომბოემბოლიური მოვლენები), რამაც შესაძლოა გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს. როდესაც პრეპარატის მცირე რაოდენობა გადადის სისხლში, არსებობს ასეთი მოვლენების განვითარების თეორიული რისკი ვაბისმოს თვალშიდა ინქეციის შემდეგ.

არ არსებობს შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის საკმარისი გამოცდილება:

• აქტიური ინფექციების მქონე პაციენტები.

• 85 წლის ან მეტი ასაკის პაციენტები ნეოვასკულური (სველი) ასაკობრივი მაკულური დეგენერაციით (nAMD).

• დიაბეტური მაკულური შეშუპების მქონე პაციენტები I ტიპის დიაბეტით.

• დიაბეტით დაავადებულები სისხლში შაქრის მაღალი საშუალო მაჩვენებლებით (Hb1Ac აღემატება 10%-ს).

• დიაბეტით დაავადებულები თვალის დაავადებით სახელწოდებით პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია, რომლსაც იწვევს დიაბეტი.

• დიაბეტით დაავადებულები არტერიული ჰიპერტენზიით, როდესაც წნევა აღემატება 140/90 მმ ვწყ. სვ.-ს, და სისხლძარღვების დაავადებით.

• პაციენტები დიაბეტური მაკულური შეშუპებით (DME), რომლებსაც უკეთდებათ ინექციები 8 კვირაზე ნაკლები ინტერვალებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

მწირი გამოცდილება არსებობს იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც უკეთდებათ ინექციები 8 კვირაზე ნაკლები ინტერვალებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, და ეს პაციენტები შეიძლება იყვნენ გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის ქვეშ.

არ არსებობს შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის გამოცდილება:

• დიაბეტი არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევით.

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული თქვენ გეხებათ, ვაბისმოთი თქვენი მკურნალობის დროს თქვენი ექიმი ამას არასაკმარის ინფორმაციად ჩათვლის.

ბავშვები და მოზარდები

ვაბისმოს გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში შესწავლილი არ ყოფილა, რადგან ნეოვასკულური (სველი) ასაკობრივი მაკულური დეგენერაცია (nAMD) და დიაბეტური მაკულური შეშუპება (DME) ძირითადად მოზრდილებში ვითარდება.

სხვა მედიკამენტები და ვაბისმო

უთხარით თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ, ახლახან მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ვაბისმო შესწავლილი არ არის. დაუშვებელია ვაბისმოს გამოყენება ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტისთვის არსებული პოტენციური სარგებელი ნაყოფის მიმართ არსებულ პოტენციურ რისკს აჭარბებს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, ჰკითხეთ თქვენს ექიმს რჩევა ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ძუძუთი კვება ვაბისმოთი მკურნალობის დროს რეკომენდებული არ არის, ვინაიდან უცნობია, გადადის თუ არა ვაბისმო დედის რძეში.

ქალებმა, რომლებსაც აქვთ დაორსულების უნარი, უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი მკურნალობის დროს და ვაბისმოთი მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. თუ დაორსულდით ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად მკურნალობის დროს, დაუყოვნებლივ უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ვაბისმოს ინექციის შემდეგ შესაძლოა გქონდეთ დროებით პრობლემები მხედველობის მხრივ (მაგალითად, მხედველობის დაბინდვა). ნუ ატარებთ ავტომანქანას და ნუ გამოიყენებთ მექანიზმებს, სანამ ეს პრობლემები არსებობს.

ვაბისმო შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ დოზაზე, ანუ ის ფაქტიურად ნატრიუმს არ შეიცავს.

3. ვაბისმოს გამოყენების წესები

როგორ მიიღება ვაბისმო

რეკომენდებული დოზაა 6 მგ ფარიციმაბი.

ნეოვასკულური (სველი) ასაკობრივი მაკულური დეგენერაცია (nAMD)

• თქვენ გაგიკეთდებათ ერთ ინექცია თვეში ერთხელ პირველი 4 თვის განმავლობაში.

• ამის შემდეგ, შესაძლოა ინექციები მაქსიმუმ 4 თვეში ერთხელ გაგიკეთდეთ. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ინექციების სიხშირის თაობაზე თქვენი თვალის მდგომარეობის საფუძველზე.

მხედველობის გაუარესება დიაბეტური მაკულური შეშუპების გამო (DME)

• თქვენ გაგიკეთდებათ ერთ ინექცია თვეში ერთხელ პირველი 4 თვის განმავლობაში.

• ამის შემდეგ, შესაძლოა ინექციები მაქსიმუმ 4 თვეში ერთხელ გაგიკეთდეთ. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ინექციების სიხშირის თაობაზე თქვენი თვალის მდგომარეობის საფუძველზე.

შეყვანის მეთოდი

ვაბისმოს თვალში ინექციის სახით (ინტრავიტრეალური ინექცია) აკეთებს ექიმი, რომელსაც აქვს თვალში ინექციების გაკეთების გამოცდილება.

ინექციის გაკეთებამდე ექიმი გამოიყენებს სადეზინფექციო თვალის გამოსარეცხ საშუალებას თქვენი თვალის ფრთხილად გასაწმენდად ინფექციის თავიდან აცილების მიზნით. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თვალის წვეთებს (ადგილობრივ ანესთეზიას) თვალის დასაბუჟებლად ინექციით გამოწვეული ტკივილის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით.

რამდენ ხანს გრძელდება ვაბისმოთი მკურნალობის შედეგი

ეს არის გრძელვადიანი მკურნალობა, შესაძლოა მისი შედეგი თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. მკურნალობის ეფექტიანობის შესამოწმებლად თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაატარებს თქვენი მდგომარეობის მონიტორინგს. გამომდინარე იქედან, თუ როგორი იქნება თქვენი რეაქცია ვაბისმოთი მკურნალობაზე, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გთხოვოთ დოზის სიხშირის გაზრდა ან შემცირება.

თუ ვაბისმოს დოზას გამოტოვებთ

თუ დოზას გამოტოვებთ, დაუყოვნებლივ დანიშნეთ ახალი ვიზიტი თქვენს ექიმთან.

**თუ ვაბისმოს გამოყენება შეწყვიტეთ **

მკურნალობის შეწყვეტამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა გაზარდოს მხედველობის დაკარგვის რისკი და შესაძლოა მხედველობა გაგიუარესდეთ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ვაბისმოთი გამოწვეული გვერდით მოვლენები გამოწვეულია ან თვითონ პრეპარატის, ან ინექციის პროცედურისგან, და ისინი უმეტესად თვალს აზიანებს.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შესაძლოა სერიოზული იყოს

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ნებისმიერი შემდეგი მოვლენის განვითარებისთანავე, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის, ანთების ან ინფექციის ნიშანი:

• თვალის ტკივილი, დისკომფორტის მომატება, თვალის სიწითლის გაძლიერება, მხედველობის დაბინდვა ან გაუარესება, პატარა წერტილების რაოდენობის ზრდა მხედველობის ველში, ან მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ - ეს არის თვალის ინფექციის, ანთების ან ალერგიული რეაქციის შესაძლო ნიშნები.

• მხედველობის უეცარი ცვლილება ან დაქვეითება.

**სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები **

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს ვაბისმოთი მკურნალობის შემდეგ, მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილს:

გვერდითი მოვლენების უმეტესობა არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ჩვეულებრივ, ისინი ქრება ყოველი ინექციიდან ერთი კვირის შემდეგ.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდით მოვლენა გახდება უფრო მძიმე.

ძალიან ხშირი (შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

• თვალის ბროლის შემღვრევა (კატარაქტა)

ხშირი (შეიძლება ჰქონდეს 10-დან დაახლოებით 1 ადამიანს):

• გელისმაგვარი ნივთიერების ჩამოცლა თვალის შიგნით (მინისებრის ჩამოცლა)

• ბადურის ნახეთქი (თვალის უკანა ნაწილში მდებარე გარსი, რომელიც აღიქვამს სინათლეს) ან მისი ერთ-ერთი შრის ნახეთქი

• წნევის მომატება თვალის შიგნით (თვალშიდა წნევის მომატება)

• სისხლდენა თვალის გარეთა გარსში მდებარე წვრილი სისხლძარღვებიდან (ჰემორაგია კონიუნქტივაში)

• მოძრავი წერტილები და შავი ფიგურები მხედველობის ველში (მცურავი შემღვრევები მინისებურ სხეულში)

• თვალის ტკივილი

• ცრემლის გაძლიერებული წარმოქმნა (მომატებული ლაკრიმაცია)

• დაკაწრული რქოვანა, დაზიანება თვალის კაკლის გამჭვირვალე გარსში, რომელიც ფარავს ფერად გარსს (რქოვანას აბრაზია)

• თვალის გაღიზიანება

არცთუ ისე ხშირი (შეიძლება ჰქონდეს 100-დან დაახლოებით 1 ადამიანს):

• სერიოზული ანთება ან ინფექცია თვალის შიდა არეში (ენდოფთალმიტი)

• გელისმაგვარი ნივთიერების ანთება თვალის შიგნით/წითელი თვალი (ვიტრიტი)

• თვალის ფერადი გარსის და მისი მიმდებარე ქსოვილის ანთება თვალში (ირიტი, ირტიდოციკლიტი, უვეიტი)

• სისხლდენა თვალის შიგნით (სისხლჩაქცევა მინისებურ სხეულში)

• დისკომფორტი თვალის არეში

• ქავილი (თვალის ქავილი)

• წითელი თვალი (თვალის/კონიუნქტივის ჰიპერემია)

• უცხო სხეულის შეგრძნება თვალში

• მხედველობის დაბინდვა

• მხედველობის სიმახვილის დაქვეითება

• ტკივილი პროცედურის დროს (პროცედურული ტკივილი)

• ბადურის ჩამოცლა

იშვიათი (შეიძლება ჰქონდეს 1000-დან დაახლოებით 1 ადამიანს)

• მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება (მხედველობის სიმახვილის გარდამავალი დაქვეითება)

• ბროლის შემღვრევა ტრავმის გამო (ტრავმული კატარაქტა)

იმ პრეპარატების მიცემისას, რომლებსაც აქვთ ვაბისმოს მსგავსი მოქმედების მექანიზმი, არსებობს თრომბების წარმოქმნის რისკი სისხლძარღვების დახშობით (არტერიული თრომბო-ემბოლიური მოვლენები), რამაც შესაძლოა გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს. როდესაც ვაბისმოს თვალშიდა ინქეციის შემდეგ პრეპარატის მცირე რაოდენობა გადადის სისხლში, არსებობს ასეთი მოვლენების განვითარების თეორიული რისკი.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

თუ გექნებათ გვერდითი მოვლენები, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების უშუალოდ მოხსენება მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ დაეხმარებით დამატებითი ინფორმაციის შეკრებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. ვაბისმოს შენახვის წესები

თქვენი ექიმი, პროვიზორი ან ექთანი პასუხისმგებლები არიან ამ მედიკამენტის შენახვასა და ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის სათანადო წესით გადაყრაზე. შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება მისი ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე წარწერის „EXP“ შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ მაცივარში (2°C ‑ 8°C).

არ გაყინოთ.

შეინახეთ ფლაკონი მისივე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

გამოყენების წინ გაუხსნელი ფლაკონის შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე 20°C-დან 25°C-მდე დაახლოებით 24 საათის განმავლობაში.

6. ამ პაკეტის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვაბისმო

• აქტიური ნივთიერებაა ფარიციმაბი. საინექციო ხსნარის ერთი მლ 120 მგ ფარიციმაბს შეიცავს. თითოეული ფლაკონი შეიცავს 28,8 მგ ფარიციმაბს 0,24 მლ ხსნარში. ეს უზრუნველყოფს გამოყენებად რაოდენობას 0,05 მლ ხსნარის ერთი დოზის მისაღებად, რომელიც 6 მგ ფარიციმაბს შეიცავს.

• დანარჩენი ინგრედიენტებია: L-ჰისტიდინი, 30%-იანი ძმარმჟავა, L-მეთიონინი, ნატრიუმის ქლორიდი, საქაროზა, პოლისორბატი 20, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ვაბისმო და პაკეტის შემადგენლობა

ვაბისმო წარმოადგენს გამჭვირვალე ან ოპალესცენტურ, უფერო ან მოყავისფრო-ყვითელ ხსნარს.

პაკეტის ზომა, რომელშიც მოთავსებულია ერთი მინის ფლაკონი და ერთი 5 µმ-იანი სტერილური ბლაგვი ფილტრიანი გადამტანი ნემსი (18-კალიბრიანი x 38 მმ, 1.2 მმ x 40 მმ, 5 µმ) ერთჯერადი გამოყენებისთვის.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა