ფლუოქსეტინა ეგისი - Fluoksetyna EGIS
ფლუოქსეტინა ეგისი - Fluoksetyna EGIS

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სარეკომენდაციო ვერსია

ფლუოქსეტინა ეგისი 10 მგ მყარი კაფსულები

ფლუოქსეტინა ეგისი 20 მგ მყარი კაფსულები

ფლუოქსეტინი

შეფუთვის ფურცელი ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

– შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

– ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

– ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  1.  რას წარმოადგენს ფლუოქსეტინა ეგისი და რისთვის გამოიყენება
    
  2.  რა უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინა ეგისის მიღებამდე
    
  3.  როგორ მიიღება ფლუოქსეტინა ეგისი
    
  4.  შესაძლო გვერდითი მოვლენები
    
  5.  როგორ ინახება ფლუოქსეტინა ეგისი
    
  6.  შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
    

1. რას წარმოადგენს ფლუოქსეტინა ეგისი და რისთვის გამოიყენება

ფლუოქსეტინა ეგისის მოქმედი ნივთიერებაა ფლუოქსეტინი, რომელიც მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების ჯგუფს სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი).

ფლუოქსეტინა ეგისი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

მოზრდილები

· დიდი დეპრესიული ეპიზოდები,

· ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები და ქცევები),

· ნერვული ბულემია: ფსიქოთერაპიასთან ერთად ფლუოქსეტინა ეგისი გამოიყენება კვებითი აშლილობის შესამცირებლად, რომელიც ზომაზე მეტი საკვების მიღებით და ხელოვნური გულისრევით ხასიათდება.

8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

· ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული აშლილობები, თუ დეპრესია არ პასუხობს ფსიქოლოგიურ თერაპიას 4-6 სესიის შემდეგ. ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ბავშვის ან მოზარდისთვის ფლუოქსეტინა ეგისი ნაჩვენებია მხოლოდ ფსიქოლოგიურ თერაპიასთან კომბინაციაში.

როგორ მუშაობს ფლუოქსეტინა ეგისი

ყველას აქვს თავის ტვინში ნივთიერება სეროტონინი. დეპრესიის ან ობსესიურ- კომპულსიური აშლილობის ან ნერვული ბულემიის მქონე ადამიანებს აქვთ სეროტონინის დაბალი დონე, სხვებთან შედარებით. ბოლომდე არ არის გასაგები, თუ როგორ მუშაობს ფლუოქსეტინა ეგისი და სხვა სუსი-ები, მაგრამ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით.

ამ მდგომარეობების მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა დაგეხმაროთ უკეთ გახდომაში. თუ არ მოხდება მათი მკურნალობა, თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება შეიძლება გახდეს უფრო სერიოზული, ხოლო მკურნალობა უფრო.

შეიძლება დაგჭირდეთ მკურნალობა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ აღარ გაქვთ სიმპტომები.

2. რა უნდა იცოდეთ ფლუოქსეტინა ეგისის მიღებამდე

არ მიიღოთ ფლუოქსეტინა ეგისი

· თუ გაქვთ ალერგია ფლუოქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში). თუ გაგივითარდათ გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქცია (როგორიცაა ქავილი, შეშუპებული ტუჩები ან სახე ან ქოშინი), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

· თუ იღებთ სხვა პრეპარატებს სახელწოდებით შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო) (მაგ. იპრონიაზიდი დეპრესიის სამკურნალოდ) ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ლეტალური რეაქციები.

ფლუოქსეტინა ეგისით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ შეუქცევადი, არასელექტიური მაო ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 2 კვირის შემდეგ.

არ მიიღოთ შეუქცევადი, არასელექტიური მაო ინჰიბიტორები ფლუოქსეტინა ეგისის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ თქვენ იღებდით ფლუოქსეტინა ეგისს დიდი ხნის განმავლობაში/ან მაღალი დოზით, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს უფრო ხანგრძლივი ინტერვალი.

· თუ მკურნალობთ მეტოპროლოლით (გულის უკმარისობის სამკურნალოდ), რადგან იზრდება თქვენი გულისცემის ძლიერი შენელების რისკი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ფლუოქსეტინა ეგისის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ:

· გულის პრობლემები.

· სიცხის, კუნთების რიგიდობის ან ტრემორის, თქვენი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებების გამოვლენისას, როგორიცაა დაბნეულობა, გაღიზიანებადობა და ძლიერი აღგზნებადობა, შეიძლება გაწუხებდეთ ე.წ. „სეროტონინის სინდრომი“ ან „ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინდრომი იშვიათად გვხვდება, მან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინა ეგისის მიღების შეწყვეტა.

· თუ წარსულში ან ახლა გაწუხებთ მანია. თუ გაქვთ მანიაკალური ეპიზოდი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა.

· თუ ანამნეზში გაქვთ სისხლდენის დარღვევა ან გაქვთ სისხლჩაქცევები ან უჩვეულო სისხლდენა, ან თუ ხართ ორსულად (იხ. „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“).

· მიმდინარე მკურნალობა მედიკამენტებით, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სისხლის შედედებაზე (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინა ეგისი“).

· თუ გაქვთ ეპილეფსია ან შეტევები (კრუნჩხვები) ან აღგენიშნებათ კრუნჩხვების სიხშირის მომატება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ფლუოქსეტინით მკურნალობის შეწყვეტა.

· მიმდინარე ECT (ელექტროკონვულსიური თერაპია) მკურნალობა.

· მიმდინარე მკურნალობა ტამოქსიფენით (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ) (იხ. „სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინა ეგისი“).

· გეწყებათ მოუსვენრობა და ვერ ზიხართ და ვერ დგახართ ერთ ადგილას (აკათიზია). ფლუოქსეტინა ეგისის დოზის გაზრდამ შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა.

· დიაბეტი (თქვენმა ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების დოზის კორექტირება).

· ღვიძლის პრობლემა (თქვენმა ექიმმა შეიძლება მიზანშეწონილად მიიჩნიოს თქვენი დოზის კორექტირება).

· თუ გაქვთ შენელებული გულისცემა და/ან თუ იცით, რომ შეიძლება გქონდეთ მარილის დონის შემცირება ხანგრძლივი მძიმე დიარეისა და ღებინების (შეუძლოდ ყოფნის) ან დიურეზული საშუალებების (წყლის ტაბლეტების) გამოყენების შედეგად.

· მიმდინარე მკურნალობა დიურეზული საშუალებებით, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.

· გლაუკომა (თვალში წნევის მომატება).

· წონის დაკლება შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, მაგრამ ეს ჩვეულებრივ პროპორციულია სხეულის საწყისი წონასთან.

პრეპარატებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინა ეგისი (ე.წ. სუსი-ები) შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქციის სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4). ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სიმპტომები ნარჩუნდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.

თქვენ დიდი ალბათობით შესაძლებელია გქონდეთ მსგავსი ფიქრები თუ:

  • წარსულში გქონდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები.

  • თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა სუიციდური ქცევების მომატებული რისკი ფსიქიური აშლილობის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გაქვთ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.

სასარგებლო იქნება, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ფურცელი-ჩანართი. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.

ბავშვები და 8-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები

18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა და გაბრაზება). ფლუოქსეტინა ეგისი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ზომიერი და მძიმე დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ (ფსიქოთერაპიასთან კომბინაციაში) და არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ამ ასაკობრივ ჯგუფში მოიპოვება მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია ფლუოქსეტინის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ ზრდასთან, პუბერტატულ პერიოდთან, გონებრივ, ემოციურ და ქცევით განვითარებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფლუოქსეტინა ეგისი 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ზომიერი და მძიმე დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ ფსიქოთერაპიასთან ერთად, თუ ჩათლის რომ ეს პაციენტის ინტერესებში შედის. თუ თქვენმა ექიმმა 18 წლამდე ასაკის პაციენტს დაუნიშნა ფლუოქსეტინი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმთან. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე განვითარდება ან გაუარესდება, როდესაც 18 წლამდე ასაკის პაციენტები იღებენ ამ პრეპარატს.

ფლუოქსეტინა ეგისი არ უნდა იქნას გამოყენებული 8 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ფლუოქსეტინა ეგისი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით (2 კვირის განმავლობაში) ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.

არ მიიღოთ ფლუოქსეტინა ეგისი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

· შეუქცევადი, არასელექტიური მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო) ზოგიერთი მათგანი გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ. შეუქცევადი არასელექტიური მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული ან თუნდაც ლეტალური რეაქციები (სეროტონინის სინდრომი) (იხ. პარაგრაფი „არ მიიღოთ ფლუოქსეტინა ეგისი“). ფლუოქსეტინა ეგისით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ შეუქცევადი მაო ინჰიბიტორების (მაგალითად, ტრანილციპრომინის) შეწყვეტიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ. არ მიიღოთ შეუქცევადი, არასელექტიური მაო ინჰიბიტორები ფლუოქსეტინა ეგისის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 5 კვირის განმავლობაში. თუ ფლუოქსეტინა ეგისი დაგენიშნათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზით, შესაძლოა თქვენმა ექიმმა განიხილოს 5 კვირაზე მეტი ინტერვალი.

· მეტოპროლოლი გამოიყენება გულის უკმარისობის დროს, რადგან იზრდება გულისცემის ძლიერი შენელების რისკი.

ფლუოქსეტინა ეგისმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტებზე და სხვა მედიკამენტებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფლუოქსეტინა ეგისზე (წამლისმიერი ურთიერთქმედება):

· ტამოქსიფენი (გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი კიბოს სამკურნალოდ), ფლუოქსეტინმა შეიძლება შეამციროს ტამოქსიფენის ეფექტი, თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს სხვადასხვა ანტიდეპრესანტული მკურნალობა.

· (მაო-A ინჰიბიტორები) მათ შორის მოკლობლენიდი, ლინზოლიდი (ანტიბიოტიკი) და მეთილთიონიუმის ქლორიდი (ასევე უწოდებენ მეთილენის ლურჯს, გამოიყენება მედიკამენტური ან ქიმიური პროდუქტებით გამოწვეული მეტემოგლობინემიის სამკურნალოდ): იზრდება მძიმე ან თუნდაც ლეტალური რეაქციების რისკი (სეროტონინის სინდრომი). ფლუოქსეტინით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს შექცევადი მაო ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან მეორე დღეს, მაგრამ ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი საგულდაგულო მონიტორინგი და გამოიყენოს მაო-A ინჰიბიტორი პრეპარატის უფრო დაბალი დოზა.

· მეკიტაზინი (ალერგიებისთვის): რადგან ამ მედიკამენტის ფლუოქსეტინა ეგისთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკი.

· ფენიტოინი (ეპილეფსიისთვის): რადგან ფლუოქსეტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მოქმედი ნივთიერების დონეზე სისხლში, ამიტომ თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს ფენიტოინით მკურნალობის უფრო ფრთხილად დაწყება და რეგულარულად ანალიზების ჩატარება ფლუოქსეტინის მიღებისას.

· ლითიუმი (გამოიყენება მანიაკალური დეპრესიის სამკურნალოდ), ტრიპტოფანი (გამოიყენება უძილობის ან დეპრესიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი) ან ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ) სელეგილინი, კრაზანა: ამ მოქმედი ნივთიერებების ფლუოქსეტინა ეგისთან ერთად მიღებისას იზრდება მსუბუქი სეროტონინის სინდრომის რისკი. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო ხშირ გამოკვლევებს.

· მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგ. IA და III კლასის ანტიარითმული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენურად შესაყვანი ერითრომიცინი, პენტამიდინინი), მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი ან გარკვეული ანტიჰისტამინები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი), რადგან ამ მედიკამენტების ფლუოქსეტინა ეგისთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის ელექტრული აქტივობის ცვლილების რისკი.

· ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს, როგორიცაა იბრუპროფენი, დიკლოფენაკი), აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება (კლოზაპინის ჩათვლით, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ); ფლუოქსეტინა ეგისმა შეიძლება შეცვალოს ამ მედიკამენტების მოქმედება სისხლში. თუ ფლუოქსეტინით მკურნალობა დაიწყება ან შეწყდა ვარფარინის მიღებისას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ გარკვეულ ტესტებს, დაგიკორექტირებთ დოზას და შეგამოწმებთ უფრო ხშირად.

· ციპროჰეპტადინი (ალერგიისთვის), რადგან მას შეუძლია შეამციროს ფლუოქსეტინა ეგისის ეფექტი.

· მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ნატრიუმის დონეს სისხლში (მათ შორის: დიურეზული საშუალებები, დესმოპრესინი /გამოიყენება უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ/, კარბამაზეპინი და ოქსკარბაზეპინი /გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ/.

· ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური სხვა ინჰიბიტორები (სუსი) ან ბუპროპიონი, მეფლოქინი ან ქლოროქინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ), ტრამადოლი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ) ან ანტიფსიქოზური საშუალებები, როგორიცაა ფენოთიაზინები ან ბუტიროფენონები, რადგან ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას ფლუოქსეტინმა შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი.

· ფლეკაინიდი, პროპაფენონი და ნებივოლოლი ან ენკაინიდი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ), ატომოქსეტინი ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (მაგალითად, იმიპრამინი, დესიპრამინი და ამიტრიპტილინი), ან რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგიერთი აშლილობის სამკურნალოდ) - რადგან ფლუოქსეტინმა შესაძლოა შეცვალოს ამ მედიკამენტების კონცენტრაცია სისხლში, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს მათი დოზის შემცირება ფლუოქსეტინთან ერთად მიღებისას.

ფლუოქსეტინა ეგისი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

შეგიძლიათ მიიღოთ ფლუოქსეტინა ეგისი საკვებთან ერთად ან მის გარეშე, სურვილისამებრ.

ამ მედიკამენტის მიღებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ჩვილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ ამ პრეპარატს ორსულობის პირველ თვეებში, მიღებულია შეტყობინებები თანდაყოლილი გულის მანკების გაზრდილი რისკის შესახებ. ზოგად პოპულაციაში, 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 იბადება გულის მანკით, რაც იზრდება 100-დან ბავშვიდან 2-მდე ფლუოქსეტინის მიმღებ დედების ჩვილებში.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა ფლუოქსეტინი, შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN), რაც ვლინდება ბავშვის აჩქარებული სუნთქვით და გალურჯებით. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ აღნიშნული გამოუვლინდა თქვენს ბავშვს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და/ან ბებიაქალს.

უმჯობესია არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. ამრიგად, თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ ეტაპობრივად შეწყვიტოთ ფლუოქსეტინა ეგისის მიღება ორსულობის დროს ან ორსულობამდე. თუმცა, თქვენი გარემოებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ უკეთესია გააგრძელოთ ფლუოქსეტინა ეგისის მიღება.

სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო პერიოდში ან მშობიარობამდე, რადგან ახალშობილებში დაფიქსირდა შემდეგი ეფექტები: გაღიზიანებადობა, ტრემორი, კუნთების სისუსტე, მუდმივი ტირილი და წოვის ან ძილის გაძნელება.

თუ ორსულობის ბოლოს იღებთ ფლუოქსეტინა ეგისს, შესაძლოა გაიზარდოს მძიმე ვაგინალური სისხლდენის რისკი დაბადებიდან მალევე, განსაკუთრებით თუ ანამნეზში გაქვთ დარღვევები სისხლდენის მხრივ. თქვენმა ექიმმა ან ბებიაქალმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ იღებთ ფლუოქსეტინა ეგისს, რათა მათ გაგიწიონ კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

ეს სამკურნალო საშუალება გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ჩვილებში. ძუძუთი უნდა კვებოთ ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აშკარად აუცილებელია. თუ ძუძუთი კვება გაგრძელდა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ამ პრეპარატის უფრო დაბალი დოზა.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ ფლუოქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ გამოვლენილა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ფლოქსეტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი განსჯის ან კოორდინაციის უნარზე. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ გამოიყენოთ მექანიზმები სანამ არ გეცოდინებათ რა გავლენას ახდენს თქვენზე ფლუოქსეტინა ეგისი.

ფლუოქსეტინა ეგისი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. როგორ მიიღება ფლუოქსეტინა ეგისი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ იმაზე მეტი მედიკამენტი, რაც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ.

გადაყლაპეთ კაფსულა წყლის დაყოლებით. არ ჩაღეჭოთ კაფსულები.

მოზრდილები

რეკომენდებული დოზაა:

· დეპრესია: რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში (ანუ ორი კაფსულა 10 მგ ან ერთი კაფსულა 20 მგ). საჭიროების შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგიკორექტორებთ დოზას მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 60 მგ-მდე დღეში (ანუ სამი კაფსულა 20 მგ). დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. შესაძლოა, მაშინვე არ იგრძნოთ თავი უკეთესად, როდესაც დაიწყებთ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტების მიღებას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესება შეიძლება მოხდეს პირველი რამდენიმე კვირის შემდეგ. დეპრესიის მქონე პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

· ნერვული ბულიმია: რეკომენდებული დოზაა 60 მგ დღეში (სამი კაფსულა 20 მგ).

· OCD (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა): რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში (ორი კაფსულა 10 მგ ან ერთი კაფსულა 20 მგ). თქვენი ექიმი განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში დააკორექტირებს თქვენს დოზას მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს მაქსიმუმ 60 მგ-მდე დღეში (სამი კაფსულა 20 მგ). თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება 10 კვირის განმავლობაში, თქვენი ექიმი გადახედავს თქვენს მკურნალობას.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია

მკურნალობა უნდა დაიწყოს და ზედამხედველობა გაუწიოს სპეციალისტმა. საწყისი დოზაა 10 მგ ერთი კაფსულა (10 მგ) დღეში. 1-2 კვირის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება გაგიზარდოთ დოზა 20 მგ-მდე დღეში (ორი კაფსულა 10 მგ ან ერთი კაფსულა 20 მგ). დოზის გაზრდა უნდა მოხდეს სიფრთხილით, რათა დარწმუნდეთ, რომ იღებთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა. მცირე წონიან ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზები. თუ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი პასუხია, თქვენი ექიმი განიხილავს მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ 9 კვირის განმავლობაში არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, თქვენი ექიმი ხელახლა შეაფასებს თქვენს მკურნალობას.

ხანდაზმულები

თქვენი ექიმი გაზრდის დოზას მეტი სიფრთხილით და დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს (ორი კაფსულა 20 მგ). მაქსიმალური დოზაა 60 მგ დღეში (სამი კაფსულა 20 მგ).

დარღვევა ღვიძლის მხრივ

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემა ან იყენებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ფლოქსეტზე, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დანიშნოთ უფრო დაბალი დოზა ან გირჩიოთ ფლოქსეტის გამოყენება ყოველ მეორე დღეს.

თუ მიიღეთ ფლუოქსეტინა ეგისი დანიშნულზე მეტი რაოდენობით

· თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი კაფსულა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას (ან უბედური შემთხვევის განყოფილებას) ან აცნობეთ თქვენს ექიმს.

· თუ შეგიძლიათ, თან წაიღეთ ფლუოქსეტინა ეგისის შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, გულის პრობლემები (როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და გულის გაჩერება), ფილტვების პრობლემები და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება აღგზნებადობიდან კომამდე.
თუ დაგავიწყდათ ფლუოქსეტინა ეგისის მიღება

· თუ გამოტოვეთ დოზა, არ ინერვიულოთ. მიიღეთ შემდეგი დოზა მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

· წამლის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება დაგეხმარებათ გახსოვდეთ მისი რეგულარულად მიღების შესახებ.

თუ შეწყვეტთ ფლუოქსეტინა ეგისის მიღებას

არ შეწყვიტოთ ფლუოქსეტინა ეგისის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, როცა თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ თქვენი წამლის მიღება.

დარწმუნდით, რომ არ დაგიმთავრდათ კაფსულები.

ფლუოქსეტინა ეგისის მიღების შეწყვეტისას შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი სიმპტომები (მოხსნის ეფექტი): თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, როგორიცაა შერჭობის შეგრძნება, ძილის დარღვევა (კაშკაშა სიზმრები, ღამის კოშმარები, უძილობა), მოუსვენრობის ან აგზნებადობის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, შფოთვის შეგრძნება, გულისრევა/ღებინება (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება ან შეუძლოდ ყოფნა), ტრემორი (კანკალი), თავის ტკივილი.

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ ფლუოქსეტინა ეგისის შეწყვეტისას ნებისმიერი სიმპტომი მსუბუქია და ქრება რამდენიმე კვირაში. თუ მკურნალობის შეწყვეტისას გამოგივლინდებათ სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფლუოქსეტინა ეგისის მიღების შეწყვეტისას თქვენი ექიმი დაგეხმარებათ დოზის ნელა შემცირებაში ერთი ან ორი კვირის განმავლობაში - ეს დაგეხმარებათ მოხსნის ეფექტის განვითარების ალბათობის შემცირებაში.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

· თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდათ აზრები თავის მოკვლის ან თვითდაზიანების შესახებ, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს (იხ. პარაგრაფი 2).

· თუ გაქვთ გამონაყარი ან ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, შეშუპებული ტუჩები/ენა ან ხიხინი/ქოშინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს.

· თუ თავს მოუსვენრად გრძნობთ და არ შეგიძლიათ ჯდომა ან დგომა ერთ ადგილას, შეიძლება გქონდეთ აკათიზია; ფლუოქსეტინა ეგისის დოზის გაზრდამ შესაძლოა გაგიუარესოთ მდგომარეობა. თუ გრძნობთ აღნიშნულს, მიმართეთ თქვენს ექიმს.

· დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენი კანი იწყებს გაწითლებას ან აღგენიშნებათ კანზე ბუშტუკები ან აქერცვლა. ეს ძალიან იშვიათია.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს) არის: უძილობა, თავის ტკივილი, დიარეა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა) და დაღლილობა.

ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა:

· სიმპტომების ერთობლიობა (ცნობილი, როგორც „სეროტონინის სინდრომი“), მათ შორის: აუხსნელი ცხელება აჩქარებული სუნთქვით ან გულისცემის სიხშირით, ოფლიანობა, კუნთების შებოჭილობა ან ტრემორი, დაბნეულობა, ძლიერი აღგზნებადობა ან ძილიანობა (მხოლოდ იშვიათად);

· სისუსტის, ძილიანობის ან დაბნეულობის შეგრძნება უმეტესად ხანდაზმულებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს (წყლის ტაბლეტები),

· გახანგრძლივებული და მტკივნეული ერექცია,

· გაღიზიანებადობა და ძლიერი აგზნებადობა,

· გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, სისუსტე, კოლაფსი ან თავბრუსხვევა დგომისას, რაც შეიძლება მიუთითებდეს პათოლოგიურ გულისცემაზე.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუოქსეტინა ეგისს:

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

· ცუდი მადა, წონის დაკლება,

· ნერვიულობა, შფოთვა,

· მოუსვენრობა, ყურადღების დარღვევა,

· დაძაბულობის შეგრძნება,

· სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება ან სქესობრივი პრობლემები (მათ შორის, სქესობრივი აქტივობისთვის ერექციის შენარჩუნების სირთულე და ეაკულაციის პრობლემები),

· ძილის პრობლემები, უჩვეულო სიზმრები, ან ძილიანობა,

· თავბრუსხვევა,

· გემოვნების შეცვლა,

· უკონტროლო რხევითი მოძრაობები,

· ბუნდოვანი ხედვა,

· სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება,

· ალები,

· მთქნარება,

· საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება,

· პირის სიმშრალე,

· გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი,

· ჭარბი ოფლიანობა,

· სახსრების ტკივილი,

· უფრო ხშირი შარდვა,

· აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა,

· კანკალის ან შემცივნების შეგრძნება.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

· თვითგაუცხოების შეგრძნება,

· უცნაური აზროვნება,

· პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა,

· ორგაზმის პრობლემები,

· თვითმკვლელობის ან თვიდაზიანების აზრები,

· კბილების კრაჭუნი,

· კუნთების კრუნჩხვა, უნებლიე მოძრაობები ან წონასწორობის ან კოორდინაციის პრობლემები,

· მეხსიერების დაქვეითება,

· გადიდებული (გაფართოებული) გუგები,

· შუილი ყურებში,

· დაბალი არტერიული წნევა,

· ქოშინი,

· ცხვირიდან სისხლდენა,

· ყლაპვის გაძნელება,

· სისხლდენა მუცლის ღრუდან,

· პათოლოგიური თმის ცვენა,

· სისხლჩაქცევებისადმი გაზრდილი მიდრეკილება;

· აუხსნელი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა,

· ცივი ოფლი,

· შარდვის გაძნელება,

· სქესობრივი დისფუნქცია,

· ზოგადად შეუძლოდ/უჩვეულოდ ყოფნა,

· სიცხის ან სიცივის შეგრძნება,

· სისხლის ანალიზებში ღვიძლის სინჯების პათოლოგიური შედეგები.

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

· სისხლში მარილის დაბალი დონე,

· სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს,

· სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა,

· არატიპიური ველური ქცევა,

· იმის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა, რაც არ არის (ჰალუცინაციები),

· აღგზნებადობა,

· პანიკური შეტევები,

· დაბნეულობა,

· ენის დაბმა,

· აგრესია,

· შეტევები,

· არარეგულარული გულისცემა,

· ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება),

· სისხლძარღვების გაფართოება (ვაზოდილატაცია),

· კისრის, სახის, პირის ღრუს და/ან ყელის გარშემო ქსოვილების სწრაფი შეშუპება,

· საყლაპავის (მილი, რომლის საშუალებითაც საკვები და წყალი ხვდება კუჭში) ტკივილი,

· ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვის დროს,

· ჰეპატიტი,

· ფილტვების პრობლემები,

· მგრძნობელობა მზის მიმართ,

· კუნთების ტკივილი,

· შარდვის პრობლემები,

· რძის წარმოება,

· სისხლში პროლაქტინის (ჰორმონი) დონის მომატება,

· ლორწოვანი გარსებიდან, როგორიცაა ცხვირიდან ან პირის ღრუდან სისხლდენა.

უცნობი (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

· მძიმე ვაგინალური სისხლდენა დაბადებიდან მალევე (მშობიარობის შემდგომი სისხლდენა), დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პარაგრაფი 2. - ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა.

ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.

ამ გვერდითი მოვლენების უმეტესობა სავარაუდოდ ქრება მკურნალობის გაგრძელებისას.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებსა და მოზარდებში (8-18 წელი)

ფლუოქსეტინა ეგისმა შეიძლება შეანელოს ზრდა ან შესაძლოა შეაფერხოს სქესობრივი მომწიფება. სუიციდთან დაკავშირებული ქცევები (სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები), მტრული დამოკიდებულება, მანია და ცხვირიდან სისხლდენა ასევე ხშირად აღინიშნა ბავშვებში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

5. როგორ ინახება ფლუოქსეტინა ეგისი

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალური შეფუთვით სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფლუოქსეტინა ეგისი

მოქმედი ნივთიერებაა: 10 მგ ან 20 მგ ფლუოქსეტინი (ფლუოქსეტინის ჰიდროქლორიდის სახით) თითოეულ მყარ კაფსულაში, შესაბამისად.

– სხვა ინგრედიენტებია:

10 მგ მყარი კაფსულები: მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (56.8 მგ)

მყარი ჟელატინის კაფსულის შემცველობა: ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.

20 მგ მყარი კაფსულები: მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (56.8 მგ)

კაფსულის გარსი: ინდიგო კარმინი (E 132), ყვითელი რკინის ოქსიდი (E 172), ტიტანის დიოქსიდი (E17), ჟელატინი.

ფლუოქსეტინა ეგისის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ფლუოქსეტინა ეგისი 10 მგ მყარი კაფსულები: ყვითელი ფერის, ზომა 3, მყარი ჟელატინის კაფსულა წარწერით EGIS 412 თავსახურზე, შევსებული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილით.

ფლუოქსეტინა ეგისი 20 მგ მყარი კაფსულები: მწვანე ფერის, ზომა 3, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილით.

14 ან 28 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში და მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

უნგრეთი

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით