ლევოთიროქსინი არისტო - Levotiroxina ARISTO
ლევოთიროქსინი არისტო - Levotiroxina ARISTO

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: თიროიდული თერაპია, თიროიდული ჰორმონები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლევოთიროქსინი არისტო

25 მიკროგრამიანი ტაბლეტები, 50 მიკროგრამიანი ტაბლეტები.

100 მიკროგრამიანი ტაბლეტები , 200 მიკროგრამიანი ტაბლეტები.

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

· შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

· დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რას წარმოადგენს ლევოთიროქსინი არისტო და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ლევოთიროქსინი არისტოს მიღებამდე

3. როგორ მიიღება ლევოთიროქსინი არისტო

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება ლევოთიროქსინი არისტო

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ლევოთიროქსინი არისტო და რისთვის გამოიყენება

თიროქსინი არის ჰორმონი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მიერ ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში. ლევოთიროქსინი არის ამ ჰორმონის სინთეზური ვერსია. ლევოთიროქსინი არისტო გამოიყენება ნაკლული ჰორმონის ჩასანაცვლებლად ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოაქტიური ფუნქციის ყველა ფორმაში (ჰიპოთირეოზი).

2. რა უნდა იცოდეთ ლევოთიროქსინი არისტოს მიღებამდე

არ მიიღოთ ლევოთიროქსინი არისტო

- თუ გაქვთ ალერგია ლევოთიროქსინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

- თუ გაწუხებთ არანამკურნალევი ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტივობა (ჰიპერთიროზი, თირეოტოქსიკოზი);

- თუ გაწუხებთ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა) და არ იღებთ ადექვატურ ჩანაცვლებით მკურნალობას;

- თუ გაწუხებთ არანამკურნალევი ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;

- თუ გაწუხებთ გულის სერიოზული დაავადება (მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის კუნთის ანთება);

- ორსულობის დროს ლევოთიროქსინი არისტო არ უნდა იქნას გამოყენებული ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტივობის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად (ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო საშუალებები);

თუ გაწუხებთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, არ მიიღოთ ეს პრეპარატი და ურჩიეთ თქვენს ექიმს განიხილოს თქვენი მკურნალობა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არ არის ნაჩვენები წონის დასაკლებად. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიღება არ შეამცირებს თქვენს წონას, თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე სისხლში ნორმის ფარგლებშია. სერიოზული ან სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს, თუ დოზას გაზრდით ექიმის სპეციალური მითითების გარეშე, განსაკუთრებით წონის დაკლებისთვის განკუთვნილ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას (იხ. პარაგრაფი 2 „ლევოთიროქსინი არისტოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან“).

ფარისებრი ჯირკვლის ბალანისის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს, თუ თქვენ დაგჭირდებათ პრეპარატის შეცვლა ლევოთიროქსინის შემცველი სხვა პროდუქტით. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა პრეპარატის შეცვლასთან დაკავშირებით. გარდამავალ პერიოდში საჭიროა საგულდაგულო მონიტორინგი (როგორც კლინიკური, ასევე ბიოლოგიური). თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს თქვენი დოზის მომატების ან შემცირების აუცილებლობაზე.

ლევოთიროქსინი არისტოს მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან:

- თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა დიდი ხნის განმავლობაში, ანუ დაბადებიდან ან ბავშვობაში შეძენილი

- თუ გაწუხებთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის სტენოკარდია, გულის იშემიური დაავადება, გულის რითმის დარღვევა ან მაღალი არტერიული წნევა ან ათეროსკლეროზი;

- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა;

- თუ იღებთ პრეპარატებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ. ფენპროკუმონი). ამ შემთხვევაში თქვენ უნდა საჭიროა ამ პრეპარატის დოზის კორექტირება;

- თუ მკურნალობთ დიაბეტზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება, რადგან ლევოთიროქსინს შეუძლია გაზარდოს სისხლში გლუკოზის დონე;

- თუ გაიარეთ მენოპაუზა;

- თუ გაწუხებთ ეპილეფსია (კრუნჩხვები);

- თუ გაწუხებთ მიქსედემა (კანისა და კანქვეშა ქსოვილის შეშუპება);

- თუ გაწუხებთ წვრილი ნაწლავის დაავადება, ვინაიდან ლევოთიროქსინს ასევე შეუძლია დათრგუნოს პრეპარატის შეწოვა (მალაბსორბციის სინდრომები);

- თუ გაწუხებთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკონტროლოდ ჭარბი გამომუშავების გამო, რადგან ლევოთიროქსინი არისტოს მიღებამდე აღნიშნული უნდა შემოწმდეს სამედიცინო გზით;

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ფსიქოზური აშლილობის ნიშნები.

როდესაც ლევოთიროქსინით მკურნალობა იწყება ძალიან დაბალწონიან დღენაკლულ ახალშობილებში, აუცილებელია არტერიული წნევის რეგულარული მონიტორინგი, რადგან შეიძლება გამოვლინდეს არტერიული წნევის სწრაფი დაცემა (ცნობილი როგორც სიხლის მიმოქცევის კოლაფსი).

სისხლის ანალიზები

ლევოთიროქსინის მიღების დაწყებამდე, საჭიროა სისხლის ანალიზების გაკეთება, რათა შემოწმდეს რამდენ თიროქსინს გამოიმუშავებს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი და დადგინდეს, რა დოზა გჭირდებათ. პრეპარატის მიღების დაწყების შემდეგ, თქვენ უნდა გაიკეთოთ რეგულარული სისხლის ანალიზები, რათა ნახოთ რამდენად კარგად მუშაობს პრეპარატი.

ლევოთიროქსინი არისტოს ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები. აღნიშნული მოიცავს ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს, მცენარეულ საშუალებებს და ვიტამინის დანამატებსაც. ბევრი პრეპარატი ახდენს გავლენას ლევოთიროქსინის მოქმედებაზე. ლევოთიროქსინმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატების ეფექტზეც.

ლევოთიროქსინის მოქმედებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგმა პრეპარატებმა:

- ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, პრიმიდონი და ბარბიტურატები;

- სერტრალინი, ლითიუმი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, განწყობისა და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ;

- ქოლესტიპოლი - გამოიყენება სისხლში ცხიმის მაღალი დონის სამკურნალოდ;

- რიფამპიცინი - გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ;

- იმატინიბი, სუნიტინიბი, 5-ფტორურაცილი - გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ;

- ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა პროპრანოლოლი, ატენოლოლი და სოტალოლი - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;

- ესტროგენის შემცველი მედიკამენტები ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპიისთვის (HRT) და კონტრაცეფცია („აბები“)

- ანდროგენის შემცველი მედიკამენტები მამაკაცების ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპიისთვის;

- გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი და პრედნიზოლონი - გამოიყენება ანთების სამკურნალოდ;

- ამიოდარონი - გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ;

- ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ფენილბუტაზონი ან აცეტილსალიცილის მჟავა;

- მეტადონი - გამოიყენება ოპიოიდური შემცვლელი მკურნალობისთვის;

- ფუროსემიდი - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან შეშუპების სამკურნალოდ;

- პროპილთიურაცილი - გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტივობის სამკურნალოდ;

- იოდიდი - გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის რადიაციისგან დასაცავად;

- პერორალური კონტრასტული საშუალებები - მიიღება გარკვეული სკანირების წინ;

- ქოლორქინი/პროგუანილი - გამოიყენება მალარიის პროფილაქტიკისთვის;

- ლოპინავირი/რიტონავირი - გამოიყენება აივ და ქრონიკული C ჰეპატიტის ვირუსის გასაკონტროლებლად.

ლევოთიროქსინი არისტო მიიღება შემდეგი მედიკამენტების მიღებამდე მინიმუმ 4-5 საათით ადრე:

- კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის ან რკინის დანამატები;

- ქოლესტირამინი ან ქოლესტიპოლი - გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;

- ნატრიუმის პოლისტიროლის სულფონის მჟავა - გამოიყენება თირკმლის დაავადების სამკურნალოდ;

- ორლისტატი - გამოიყენება წონის დასაკლებად;

- ციმეტიდინი - გამოიყენება კუჭის ჭარბი მჟავიანობის შესამცირებლად;

- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, როგორიცაა ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი - გამოიყენება კუჭში ჭარბი მჟავიანობის სამკურნალოდ;

- სუკრალფატი, ანტაციდები - კუჭის წყლულის სამკურნალოდ;

- პოლისტიროლის სულფონის ფისები - გამოიყენება სისხლში კალიუმის მაღალი დონის შესამცირებლად.

ლევოთიროქსინმა შეიძლება გავლენა იქონიოს შემდეგ მედიკამენტებზე:

- ანტიკოაგულანტები სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ვარფარინი და ფენპროკუმონი;

- დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და მეტფორმინი;

- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი, იმიპრამინი და დოსულეპინი;

- მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებენ სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, როგორიცაა ადრენალინი (გამოიყენება მძიმე ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ) ან ფენილეფრინი (დეკონგესტანტი, რომელიც გამოიყენება მრავალი გაციების და გრიპის სამკურნალოდ);

- დიგოქსინი - გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ.

ლევოთიროქსინი არისტო საკვებთან და სასმელთან ერთად

სოიოს შემცველმა პროდუქტებმა და საკვებმა პროდუქტებმა, რომლებიც მდიდარია ბოჭკოებით, შეიძლება გავლენა იქონიოს ლევოთიროქსინის შეწოვაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით თანმიმდევრული მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში და ამიტომ ის უნდა გაგრძელდეს მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლევოთიროქსინზე საჭიროება შეიძლება გაიზარდოს ორსულობის დროს. ამიტომ, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მონიტორინგი როგორც ორსულობის დროს, ასევე მის შემდეგ და ლევოთიროქსინის დოზის კორექტირება საჭიროებისამებრ.

ლევოთიროქსინის თერაპიული დოზებით მიღებისას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში ლაქტაციის დროს, ძალიან დაბალია და, შესაბამისად, უვნებელია.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ეს პრეპარატი არ უნდა მოქმედებდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ლევოთიროქსინი არისტოს ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო ტაბლეტში, ანუ ის პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

3. როგორ მიიღება ლევოთიროქსინი არისტო

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარტი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შესაძლოა ამ პრეპარატის მიღება დაგჭირდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე. თქვენს დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი და დამოკიდებული იქნება თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებზე.

რეკომენდებული საწყისი დოზაა 25-50 მიკროგრამი დღეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ზემოაღნიშნული დოზა 25-50 მიკროგრამით ყოველ 2-4 კვირაში თიროქსინის დონის დასაკორექტირებლად. თქვენი დღიური დოზა შეიძლება იყოს 100-200 მიკროგრამამდე დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში, გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებში და ფარისებრი ჯირკვლის მძიმე ან ქრონიკული არააქტიური ფუნქციის მქონე პაციენტებში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობის დაწყებისას. ეს ნიშნავს, რომ უნდა შეირჩეს უფრო დაბალი საწყისი დოზა, რომელიც შემდეგ გაიზრდება ნელა და უფრო გრძელი ინტერვალებით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხშირი მონიტორინგით. გამოცდილებამ აჩვენა, რომ დაბალი დოზა ასევე საკმარისია დაბალწონიანი პაციენტებისთვის.

გამოყენება ბავშვებში

შეძენილი ჰიპოთირეოზის მქონე ბავშვები მკურნალობას იწყებენ 12.5-50 მიკროგრამი ლევოთიროქსინის ნატრიუმით დღეში. დოზა უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად ყოველ 2-4 კვირაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტების კლინიკური შედეგების მიხედვით, სანამ არ მიიღწევა სრული ჩანაცვლებითი დოზა. სხვა მაჩვენებლებთან ერთად, გრძელვადიანი მკურნალობისას დოზა დამოკიდებული იქნება ცალკეული ბავშვის ასაკსა და სხეულის წონაზე.

მიღების წესი

მთლიანი დღიური დოზის მიღება ხდება დილით უზმოზე, საუზმემდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე, რადგან მოქმედი ნივთიერება უკეთესად შეიწოვება ცარიელ კუჭზე, ვიდრე ჭამის წინ ან მის შემდეგ. ტაბლეტები იყლაპება მთლიანად დაღეჭვის გარეშე, მაგრამ ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით.

ჩვილებს ენიშნებათ მთლიანი დღიური დოზა მინიმუმ ნახევარი საათით ადრე პირველ ჭამამდე, სასურველია ცოტაოდენი წყლის დაყოლებით, გადაყლაპვის გასაადვილებლად. საჭიროების შემთხვევაში, ტაბლეტი შეიძლება დაიყოს. არ არის რეკომენდებული ტაბლეტების დაქუცმაცება და დაშლა წყალში ან სხვა სითხეებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დოზირების უზუსტობა.

ლევოთიროქსინი არისტოს ტაბლეტები შეიძლება დაიყოს თანაბარ დოზებად.

შენიშვნა დაყოფასთან დაკავშირებით

მოათავსეთ ტაბლეტი ღარის ხაზით ზემოთ, მყარ ბრტყელ ზედაპირზე. ცერა თითით დააწექით პირდაპირ ტაბლეტის შუაში მის გასაყოფად.

**თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლევოთიროქსინი არისტო **

თუ თქვენ (ან ვინმე სხვამ) გადაყლაპეთ რამდენიმე ტაბლეტი ერთდროულად, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა შეიძლება გადაყლაპა რამდენიმე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან მოწამვლის კონტროლის ცენტრს. დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: ცხელებას, ტკივილს გულმკერდის არეში (სტენოკარდია), აჩქარებულ ან არარეგულარულ გულისცემას, კუნთების კრუნჩხვებს, თავის ტკივილს, მოუსვენრობას, სისხლის მოწოლას, ოფლიანობას და დიარეას. ამ ნიშნების გამოვლენას შეიძლება დასჭირდეს 5 დღე. თან იქონიეთ დარჩენილი ტაბლეტები და ეს ფურცელი-ჩანართი, რათა სამედიცინო პერსონალმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ ლევოთიროქსინი არისტოს მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მოახლოებული არ არის შემდეგი დოზის მიღების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის დოზის მიცემა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დამატებითი რჩევისთვის.

თუ შეწყვეტთ ლევოთიროქსინი არისტოს მიღებას

ეს ტაბლეტები განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. შეიძლება დაგჭირდეთ მათი მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში. არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ექიმი არ გირჩევთ ამის გაკეთება.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ საავადმყოფოს, თუ გაქვთ:

- ალერგიული რეაქცია, როგორიცაა სახის, ენის, ტუჩების და/ან ყელის შეშუპება და/ან ყლაპვის გაძნელება ან ჭინჭრის ციება პოტენციური სუნთქვის გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება), კანის ძლიერი ქავილი ამობურცული გამონაყარით, სახსრების ტკივილი, მგრძნობელობა მზის მიმართ ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (სიხშირე უცნობია). შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს მძიმე რეაქცია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მაღალ დონეზე. ამას ეწოდება „ფარისებრი ჯირკვლის კრიზისი“ და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი (სიხშირე უცნობია):

- ძალიან მაღალი ტემპერატურა, სწრაფი გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, სიყვითლე, დაბნეულობა, კრუნჩხვები და კომა.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გაგრძელდება, გაუარესდება ან გამოგივლინდებათ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ.

გვერდითი მოვლენების უმეტესობა ჰიპერთირეოზის სიმპტომების მსგავსია (სადაც ფარისებრი ჯირკვალი ჭარბად გამოიმუშავებს თიროქსინს) და გამოწვეულია პრეპარატის დოზის გადაჭარბებით. ისინი ჩვეულებრივ ქრება დოზის შემცირების ან ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, არ უნდა შეცვალოთ დოზა ან შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე

- მადის მომატება;

- მოუსვენრობა, აგზნებადობა, ძილის გაძნელება (უძილობა);

- ტრემორი, თავის ტკივილი, კრუნჩხვები;

- ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), შეგუბება, არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა, გულის უკმარისობა, გულის შეტევა;

- მაღალი არტერიული წნევა, სისხლის მოწოლა;

- ჰაერის უკმარისობა

- დიარეა, ღებინება, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, კუჭის ტკივილი;

- მომატებული ოფლიანობა, ქავილი, კანისმიერი გამონაყარი, ჭინჭრის ციება;

- კუნთების კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი, ოსტეოპოროზი (განსაკუთრებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში);

- არარეგულარული მენსტრუაცია;

- ცხელება (მაღალი ტემპერატურა), შეშუპება (შეშუპება), ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;

- წონის დაკლება.

დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში

იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე

- ბავშვებში ტვინის გარშემო წნევის მომატება, რომელიც არ არის გამოწვეული სიმსივნით ან სხვა დაავადებებით (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).

უცნობი: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე

- ბავშვებში ზრდა შეიძლება შენელდეს ან შეჩერდეს ძვლის ზრდის ცვლილებების გამო;

- თმის დროებითი ცვენა ბავშვებში;

- თავის ქალას დეფორმაცია ახალშობილებში, რომელიც გამოწვეულია თავის ქალას ძვლის სახსრების ადრეული დახურვით (კრანიოსტენოზი)

- სითბოს აუტანლობა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

5. როგორ ინახება ლევოთიროქსინი არისტო

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის (ვარგისიანობის ვადა) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 30°С-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ლევოთიროქსინი არისტო

- მოქმედი ნივთიერებაა უწყლო ნატრიუმის ლევოთიროქსინი.

ლევოთიროქსინი არისტო 25 მიკროგრამიანი ტაბლეტები. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 25 მიკროგრამს უწყლო ლევოთიროქსინის ნატრიუმს.

ლევოთიროქსინი არისტო 50 მიკროგრამიანი ტაბლეტები. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50 მიკროგრამს უწყლო ლევოთიროქსინის ნატრიუმს.

ლევოთიროქსინი არისტო 100 მიკროგრამიანი ტაბლეტები. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მიკროგრამს უწყლო ლევოთიროქსინის ნატრიუმს.

ლევოთიროქსინი არისტო 200 მიკროგრამიანი ტაბლეტები. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 200 მიკროგრამს უწყლო ლევოთიროქსინის ნატრიუმს.

- სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი A ტიპის და მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.

ლევოთიროქსინი არისტოს გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ლევოთიროქსინი არისტო არის თეთრი, მრგვალი, შემოუგარსავი თაღოვანი (ნაჭდევიანი) ტაბლეტები ერთ მხარეს ღარის ნიშნით და მეორე მხარეს დოზირების ნიშნით (25, 50, 100 ან 200). ტაბლეტების სავარაუდო დიამეტრი 7 მმ და სავარაუდო სიმაღლე 3 მმ.

ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერულ შეფუთვაში 15, 20, 30, 50, 60, 84, 90 და 100 ტაბლეტად. შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ გამოვიდეს გასაყიდად.