აქტრაპიდი - Actrapid
აქტრაპიდი - Actrapid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სწრაფი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

აქტრაპიდი®

100 სე/მლ

საინექციო ხსნარი ფლაკონში

ადამიანის ინსულინი (rDNA)

ინსულინის გამოყენების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად.

- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი გამოწერილი გაქვთ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსი იყოს.

- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა ან თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

1. რა არის აქტრაპიდი® და რისთვის გამოიყენება

აქტრაპიდი® არის ადამიანის ინსულინი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, როდესაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად. აქტრაპიდი® არის სწრაფი მოქმედების ინსულინი. ეს ნიშნავს, რომ ის დაიწყებს სისხლში შაქრის დაქვეითებას მიღებიდან დაახლოებით ½ საათის შემდეგ და ეფექტი გაგრძელდება დაახლოებით 8 საათის განმავლობაში. აქტრაპიდი® ხშირად ინიშნება ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის პროდუქტებთან ერთად.

2. აქტრაპიდის გამოყენების წინ®

არ გამოიყენოთ აქტრაპიდი®

► ინსულინის საინფუზიო ტუმბოებში.

► თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ადამიანის ინსულინის ან აქტრაპიდის® რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ 7 დამატებითი ინფორმაცია).

► თუ გაქვთ ეჭვი, რომ იწყება ჰიპოგლიკემია (სისხლში დაბალი შაქარი) (იხ. 4 რა უნდა გააკეთოთ გადაუდებელ სიტუაციებში).

► თუ დამცავი თავსახური მოშვებულია ან არ არის. თითოეულ ფლაკონს აქვს დამცავი ფალსიფიკაციის საწინააღმდეგო პლასტიკური თავსახური. თუ ფლაკონის შეძენისას ის არ არის იდეალურ მდგომარეობაში, დააბრუნეთ ფლაკონი აფთიაქში.

► თუ ის არასწორად ინახებოდა ან გაყინული იყო (იხ. 6 როგორ ინახება აქტრაპიდი®).

► თუ ინსულინი არ არის გამჭვირვალე და უფერო.

აქტრაპიდის® გამოყენებამდე

► შეამოწმეთ ეტიკეტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს არის სწორი ტიპის ინსულინი.

► მოხსენით დამცავი თავსახური.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ აქტრაპიდის® გამოყენებისას

► თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

► თუ იღებთ ალკოჰოლს, დააკვირდით ჰიპოგლიკემიის ნიშნებს და არასოდეს დალიოთ ალკოჰოლი ცარიელ კუჭზე.

► თუ ჩვეულებრივზე მეტად ხართ ფიზიკურად დატვირთული ან თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი ჩვეული კვების რეჟიმი, რადგან ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე.

► თუ ავად ხართ, განაგრძეთ ინსულინის მიღება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

► თუ მიდიხართ საზღვარგარეთ, მოგზაურობამ დროის ზონებში შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის საჭიროებაზე და ინექციების დროზე. კონსულტაციისთის მიმართეთ ექიმს, თუ გეგმავთ ასეთ მოგზაურობას.

კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე

ინექციის ადგილი უნდა იცვლებოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული კანის ქვეშ ცხიმოვანი ქსოვილის ცვლილებები, როგორიცაა კანის გასქელება, კანის შეკუმშვა ან კანქვეშ სიმკვრივეები. ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს ძალიან კარგად, თუ ინექციას გაიკეთებთ გამკვრივებულ, შეკუმშულ ან გასქელებულ ადგილას (იხ. 3 როგორ გამოიყენება აქტრაპიდი®). უთხარით ექიმს, თუ შეამჩნევთ კანის რაიმე ცვლილებას ინექციის ადგილზე. უთხარით თქვენს ექიმს, თუ ამჟამად აკეთებთ ინექციას აღნიშნულ დაზიანებულ ადგილებში, სანამ დაიწყებთ ინექციას სხვა ადგილას. ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ უფრო ფრთხილად შეამოწმოთ სისხლში შაქარი და შეცვალოთ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზა.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

ზოგიერთი მედიკამენტი გავლენას ახდენს გლუკოზის მოქმედებაზე თქვენს ორგანიზმში და ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის დოზაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ინსულინით მკურნალობაზე. აცნობეთ თქვენს ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს. კერძოდ, უნდა უთხრათ ექიმს, თუ იყენებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში შაქრის დონეზე.

ინსულინის საჭიროება შეიძლება შეიცვალოს, თუ თქვენ ასევე იღებთ: დიაბეტის სამკურნალო სხვა მედიკამენტებს; მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს; ბეტა- ბლოკატორებს; აგფ-ინჰიბიტორებს; აცეტილსალიცილის მჟავას; ანაბოლურ სტეროიდებს; სულფონამიდებს; ორალურ კონტრაცეპტივებს; თიაზიდებს; გლუკოკორტიკოიდებს; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონოთერაპიას; სიმპათომიმეტიკებს; ზრდის ჰორმონის დანაზოლს; ოქტრეოტიდს ან ლანრეოტიდს.

თიაზოლიდინედიონები (პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტების კლასი, რომლებიც გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ).

ზოგიერთ პაციენტს ხანგრძლივი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და გულის დაავადებით ან ადრე გადატანილი ინსულტით, რომლებიც მკურნალობენ თიაზოლიდინედიონებით ინსულინთან ერთად შეიძლება განუვითარდეს გულის უკმარისობა. უთხარით ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი ან წონის სწრაფი მატება ან ლოკალიზებული შეშუპება (შეშუპება).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აქტრაპიდით მკურნალობაზე შეზღუდვა არ არსებობს, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

თუ მართავთ ავტომობილს ან იყენებთ ხელსაწყოებს ან მექანიზმებს, ფრთხილად იყავით ჰიპოგლიკემიის ნიშნებზე. თქვენი კონცენტრირების ან რეაქციის უნარი დაბალი იქნება ჰიპოგლიკემიის დროს. არასოდეს მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ გრძნობთ, რომ ვითარდება ჰიპოგლიკემია, განიხილეთ თქვენს ექიმთან, შეგიძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ ხშირად გაქვთ ჰიპოგლიკემია ან თუ გიჭირთ ჰიპოგლიკემიების ამოცნობა.

3. როგორ გამოიყენება აქტრაპიდი®

თქვენი საჭიროებები ინსულინზე განიხილეთ თქვენს ექიმთან და ექთანთან. ყურადღებით მიჰყევით მათ რჩევებს.

თუ თქვენმა ექიმმა გადაგიყვანათ ერთი ტიპის ან ბრენდის ინსულინიდან მეორეზე, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება თქვენი ექიმის მიერ.

მიირთვით ნახშირწყლების შემცველი საკვები ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებულია სისხლში შაქრის რეგულარულად გაზომვა.

როგორ გამოიყენება ეს ინსულინი

აქტრაპიდი® შეჰყავთ ინექციით კანქვეშ (კანქვეშ). ყოველთვის შეცვალეთ ინექციის ადგილი ერთსადაიმავე მიდამოში, რათა შეამციროთ სიმკვრივეების ან კანის ნაოჭების წარმოქმნის რისკი (იხ. 5 შესაძლო გვერდითი ეფექტები). საუკეთესო ადგილები ინექციის გასაკეთებლად არის: წელის წინა მხარე (მუცელი);დუნდულოები; ბარძაყის ან მკლავის წინა მხარე. ინსულინი უფრო სწრაფად იმუშავებს, თუ მას წელის მიდამოში გაიკეთებთ.

განსაკუთრებულ სიტუაციებში აქტრაპიდის® შეყვანა ასევე შეიძლება ინტრავენურად თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.

როგორ უნდა გაიკეთოთ აქტრაპიდის® ინექცია ცალკე ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინთან ერთად

► დარწმუნდით, რომ გაქვთ სწორი შპრიცი ინსულინის ინექციებისთვის შესაბამისი ერთეულის შკალით.

► შეუშვით ჰაერი შპრიცში, იმ რაოდენობით, რა რაოდენობის ინსულინის დოზაც არის საჭირო.

► მიჰყევით თქვენი ექიმის ან ექთნის მითითებებს.

► შეიყვანეთ ინსულინი კანქვეშ. გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ რეკომენდებული ინექციის მეთოდი.

► გააჩერეთ ნემსი კანქვეშ მინიმუმ 6 წამის განმავლობაში, რათა დარწმუნდეთ, რომ მიღებულია სრული დოზა.

4. რა უნდა გააკეთოთ გადაუდებელ სიტუაციებში

თუ განვითარდა ჰიპოგლიკემია

ჰიპოგლიკემია ნიშნავს, რომ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია.

ჰიპოგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს და შეიძლება მოიცავდეს: ცივ ოფლს; ცივ ფერმკრთალ კანს; თავის ტკივილს; სწრაფ გულისცემას; შეუძლოდ ყოფნას; შიმშილის ძლიერ გრძნობას; მხედველობის დროებით ცვლილებებს; ძილიანობას; უჩვეულო დაღლილობას და სისუსტეს; ნერვოზულობას ან ტრემორს; შფოთვის შეგრძნებას; დაბნეულობის შეგრძნებას; კონცენტრაციის გაძნელებას.

თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმპტომი, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები ან შაქრის მაღალი შემცველობის საკვები (ტკბილეული, ორცხობილა, ხილის წვენი), შემდეგ დაისვენეთ.

არ მიიღოთ ინსულინი, თუ გრძნობთ, რომ იწყება ჰიპოგლიკემია.

ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ გლუკოზის ტაბლეტები, ტკბილეული, ორცხობილა ან ხილის წვენი.

უთხარით თქვენს ნათესავებს, მეგობრებს და ახლო კოლეგებს, რომ თუ გონებას დაკარგავთ, (უგონო მდგომარეობისას), უნდა გადაგატრიალონ გვერდზე და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. მათ არ უნდა მოგცეთ რაიმე საკვები ან სასმელი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა.

► თუ არ ტარდება მძიმე ჰიპოგლიკემიის მკურნალობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება (დროებითი ან მუდმივი) და სიკვდილიც კი.

► თუ ვითარდება ჰიპოგლიკემია, რომელიც იწვევს გონების დაკარგვას, ან ჰიპოგლიკემიის ხშირი შემთხვევებისას, მიმართეთ ექიმს. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის, საკვების ან ფიზიკური დატვირთვის რაოდენობის კორექცია.

გლუკაგონის გამოყენება

უგონო მდგომარეობიდან შეიძლება უფრო სწრაფად გამოხვიდეთ ჰორმონ გლუკაგონის ინექციით, რომელსაც გაგიკეთებთ პირი, რომელმაც იცის მისი გამოყენება. გლუკაგონის შეყვანის შემდეგ, დაგჭირდებათ გლუკოზა ან შაქრიანი საჭმელი, როგორც კი გონზე მოხვალთ. თუ არ აღინიშნება პასუხი გლუკაგონით მკურნალობაზე, მოგიწევთ მკურნალობა საავადმყოფოში. გლუკაგონის ინექციის შემდეგ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას; საჭიროა დაადგინოთ ჰიპოგლიკემიის მიზეზი, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ მისი განვითარება.

ჰიპოგლიკემიის მიზეზები

ჰიპოგლიკემია ვითარდება, თუ სისხლში შაქარი ძალიან იკლებს. ეს შეიძლება მოხდეს:

• თუ იღებთ ძალიან ბევრ ინსულინს.

• თუ ძალიან ცოტა საკვებს იღებთ ან გამოტოვებთ კვებას.

• თუ ჩვეულებრივზე მეტს ვარჯიშობთ.

თუ სისხლში შაქარი ძალიან მაღალია

სისხლში შაქარი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს (რასაც ჰიპერგლიკემია ეწოდება).

გამაფრთხილებელი ნიშნები თანდათან ვითარდება. მათ შორისაა: გახშირებული შარდვა; წყურვილის შეგრძნება; მადის დაკარგვა; ღებინების შეგრძნება (გულისრევა ან ღებინება); ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნება; გაწითლებული, მშრალი კანი; პირის სიმშრალე და სუნთქვისას ხილის მსგავსი (აცეტონი) სუნი.

თუ გაქვთ რომელიმე ეს ნიშანი, შეამოწმეთ შაქრის დონე სისხლში და შარდი კეტონებზე, თუ ეს შესაძლებელია. შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული მდგომარეობის დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები. თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობას , შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური კომა და საბოლოოდ სიკვდილი.

ჰიპერგლიკემიის მიზეზები

• დაგავიწყდათ ინსულინის მიღება

• განმეორებით საჭიროზე ნაკლები ინსულინის მიღება

• ინფექცია ან ცხელება

• ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება

• ჩვეულებრივზე ნაკლები ფიზიკური დატვირთვა.

5. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, აქტრაპიდმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება ძალიან ხშირად

(10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

სისხლში დაბალი შაქარი (ჰიპოგლიკემია). იხილეთ რჩევა პუნქტში 4 რა უნდა გააკეთოთ გადაუდებელ სიტუაციებში.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდება არახშირად

(100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

მხედველობის პრობლემები. როდესაც პირველად იწყებთ ინსულინით მკურნალობას, ამან შეიძლება დაარღვიოს თქვენი მხედველობა, მაგრამ ეს დარღვევა ჩვეულებრივ დროებითია.

კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე. თუ ინსულინს ერთსა და იმავე ადგილას იკეთებთ, ცხიმოვანი ქსოვილი შეიძლება შემცირდეს (ლიპოატროფია) ან გასქელდეს (ლიპოჰიპერტროფია) (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). კანქვეშ სიმკვრივეები შესაძლოა გამოწვეული იყოს ცილის ამილოიდის დაგროვებით (კანის ამილოიდოზი; უცნობია, რამდენად ხშირად ხდება ეს). ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს ძალიან კარგად, თუ ინექციას გაიკეთებთ გამკვრივებულ, შეკუმშულ ან გასქელებულ ადგილას. შეცვალეთ ინექციის ადგილი ყოველი ინექციისას, რათა თავიდან აიცილოთ ეს კანის ცვლილებები.

ალერგიის ნიშნები. შეიძლება განვითარდეს რეაქციები (სიწითლე, შეშუპება, ქავილი) ინექციის ადგილზე (ადგილობრივი ალერგიული რეაქციები). ისინი ჩვეულებრივ გადის ინსულინის მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ისინი არ გაივლის, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას:

• თუ ალერგიის ნიშნები გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებზე, ან

• თუ მოულოდნელად თავს ცუდად გრძნობთ და გეწყებათ ოფლიანობა; გულისრევა (ღებინება); სუნთქვის გაძნელება; სწრაფი გულისცემა; თავბრუსხვევა.

მტკივნეული ნეიროპათია (ტკივილი ნერვის დაზიანების გამო). თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან სწრაფად გაუმჯობესდება, შეიძლება განვითარდეს ნერვებთან დაკავშირებული ტკივილი, ამას მწვავე მტკივნეული ნეიროპათია ეწოდება და ჩვეულებრივ გარდამავალია.

შეშუპებული სახსრები. როდესაც იწყებთ ინსულინის მიღებას, წყლის შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება კოჭებისა და სხვა სახსრების გარშემო. ჩვეულებრივ, ეს მალე გადის.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვითარდება ძალიან იშვიათად

(10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა). თუ გაქვთ დიაბეტური რეტინოპათია და სისხლში შაქრის დონე ძალიან სწრაფად უმჯობესდება, რეტინოპათია შეიძლება გაუარესდეს. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ.

სერიოზული ალერგიული რეაქცია აქტრაპიდზე® ან მის ერთ-ერთ ინგრედიენტზე (ე.წ. სისტემური ალერგიული რეაქცია). აგრეთვე იხილეთ გაფრთხილება პუნქტში 4 რა უნდა გააკეთოთ გადაუდებელ სიტუაციებში.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ექთანდ ან ფარმაცევტს.

6. როგორ ინახება აქტრაპიდი®

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აქტრაპიდი® ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „ვარგისიანობის ვადის“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

აქტრაპიდის® ფლაკონი, რომელსაც არ იყენებთ, ინახება მაცივარში 2°C - 8°C ტემპერატურაზე, გამაგრილებელი ელემენტისგან მოშორებით. არ გაყინოთ.

აქტრაპიდის® ფლაკონი, რომელსაც იყენებთ ან თან ატარებთ სათადარიგოდ, არ უნდა ინახებოდეს მაცივარში. შეგიძლიათ თან ატაროთ და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე (30°C-ზე ქვემოთ) 6 კვირამდე.

ყოველთვის შეინახეთ ფლაკონი, რომელსაც არ იყენებთ გარე მუყაოს კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.

აქტრაპიდი® დაცული უნდა იყოს ზედმეტი სიცხისა და სინათლისგან.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს აქტრაპიდი®

- აქტიური ნივთიერება არის ადამიანის ინსულინი, რომელიც დამზადებულია რეკომბინანტული ბიოტექნოლოგიით. 1 მლ შეიცავს 100 სე ადამიანის ინსულინს. 1 ფლაკონი შეიცავს 10 მლ 1,000 სე-ის ექვივალენტს.

- სხვა ინგრედიენტებია თუთიის ქლორიდი, გლიცეროლი, მეტაკრეზოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.

აქტრაპიდის გარეგნული აღწერა® და შეფუთვის შიგთავსი

საინექციო ხსნარი წარმოდგენილია გამჭვირვალე, უფერო, წყალხსნარის სახით.

მოწოდებულია შეფუთვაში 1 ან 5 ფლაკონით 10 მლ (შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე წარმოდგენილი).

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)