მედოფლუკონი - MEDOFLUCON
მედოფლუკონი - MEDOFLUCON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მყარი კაფსულები

ფლუკონაზოლი

**ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. **

  •      შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
    
  •      თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
    
  •      ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის.  არ გადასცეთ სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
    
  •      თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.  
    

რა არის ამ ფურცელ-ჩანართში

  1. რა არის მედოფლუკონი და რისთვის გამოიყენება იგი
    
  2. რა უნდა იცოდეთ მედოფლუკონის  მიღების წინ
    
  3. როგორ მიიღება მედოფლუკონი
    
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
    
  5. როგორ ინახება მედოფლუკონი
    
  6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
    

1. რა არის მედოფლუკონი და რისთვის გამოიყენება იგი

მედოფლუკონი არის მედიკამენტების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც ეწოდება "სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები". აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი. მედოფლუკონი გამოიყენება სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კანდიდოზური ინფექციის თავიდან ასაცილებლად. სოკოვანი ინფექციების ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის საფუარა სოკო, სახელად Candida.

მოზრდილები

ექიმმა შეიძლება ეს პრეპარატი დაგინიშნოთ შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

• კრიპტოკოკური მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია

• კოქციდიოიდომიკოზი – ბრონქ-ფილტვის სისტემის დაავადება

•Candida–თი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლის ნაკადში, სხეულის ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში

• ლორწოვანი გარსის რძიანა - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს, ყელს და კბილის პროთეზს.

• გენიტალური რძიანა – საშოს ან პენისის ინფექცია

• კანის ინფექციები - მაგ. ათლეტის ფეხი, მკრეჭავი სირსველი, საზარდულის ეპიდერმოფიტი, ფრჩხილის ინფექცია

თქვენ ასევე შეიძლება დაგინიშნონ მედოფლუკონი:

• კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის შესაჩერებლად

• ლორწოვანი გარსის რძიანას რეციდივის შესაჩერებლად

• ვაგინალური რძიანას რეციდივის შესამცირებლად

• Candida-თი გამოწვეული ინფექციის შესაჩერებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია და არ მუშაობს სათანადოდ)

ბავშვები და მოზარდები (0-დან 17 წლამდე)

ექიმმა შეიძლება ეს პრეპარატი დაგინიშნოთ შემდეგი სახის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

• ლორწოვანი გარსების რძიანა - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსს

• Candida-თი გამოწვეული ინფექციები, რომლებიც გვხვდება სისხლის ნაკადში, სხეულის ორგანოებში (მაგ. გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში.

• კრიპტოკოკური მენინგიტი – თავის ტვინის სოკოვანი ინფექცია

მედოფლუკონი თქვენ ასევე შეიძლება დაგინიშნონ:

• Candida-თი გამოწვეული ინფექციის შესაჩერებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია და არ მუშაობს სათანადოდ).

• კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის შესაჩერებლად

2. რა უნდა იცოდეთ მედოფლუკონის მიღების წინ

არ მიიღოთ მედოფლუკონი

• თუ ალერგიული ხართ ფლუკონაზოლზე, სხვა მედიკამენტებზე, რომლებსაც იღებდით სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი ნაწილში 6). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ქავილს, კანის სიწითლეს ან სუნთქვის გაძნელებას.

• თუ ღებულობთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური საშუალებები ალერგიისთვის)

• თუ იღებთ ციზაპრიდს (გამოიყენება დისპეფსიის დროს)

• თუ იღებთ პიმოზიდს (გამოიყენება ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ)

• თუ იღებთ ქინიდინს (გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ)

• თუ იღებთ ერითრომიცინს (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მედოფლუკონის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

• თუ სოკოვანი ინფექცია არ გაუმჯობესდა, შესაძლოა საჭირო გახდეს ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია.

• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლების პრობლემები.

• თუ გაწუხებთ გულის დაავადება, მათ შორის გულის რითმის პრობლემები.

• თუ თქვენ გაქვთ სისხლში კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დონე დარღვეული.

• თუ თქვენთან ვითარდება კანის მძიმე რეაქციები (ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გაძნელება).

• თუ ოდესმე გამოგივლინდათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები მედოფლუკონის მიღების შემდეგ.

• თუ თქვენ გამოგივლინდათ „თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის“ ნიშნები, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები არ გამოიმუშავებს გარკვეული სტეროიდული ჰორმონების ადეკვატურ რაოდენობას, როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობა, კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, წონის კლება, მუცლის ტკივილი).

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) დაფიქსირდა ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს. შეწყვიტეთ მედოფლუკონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია კანის ამ სერიოზულ რეაქციასთან, რომელიც აღწერილია ნაწილში 4.

სხვა მედიკამენტები და მედოფლუკონი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ასტემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური პრეპარატი ალერგიის სამკურნალოდ) ან ციზაპრიდს (გამოიყენება დისპეფსიის დროს) ან პიმოზიდს (გამოიყენება ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ) ან ქინიდინს (გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ) ან ერითრომიცინს (ანტიბიოტიკი ინფექციების სამკურნალოდ), რადგან არ შეიძლება მათი მიღება მედოფლუკონთან ერთად (იხილეთ ნაწილი: არ მიიღოთ მედოფლუკონი).

არსებობს გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ მედოფლუკონთან. დარწმუნდით, რომ ექიმმა იცის, იღებთ თუ არა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

• ამიოდარონი (გამოიყენება არათანაბარი გულისცემის "არითმიების" სამკურნალოდ)

• ჰიდროქლორთიაზიდი (შარდმდენი)

• რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები ინფექციებისთვის)

• ალფენტანილი, ფენტანილი (გამოიყენება როგორც საანესთეზიო საშუალებები)

• ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტი)

• ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო)

• მედიკამენტები, რომლებიც ათხელებენ სისხლს თრომბის თავიდან აცილების მიზნით (ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები)

• ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება ძილის დასახმარებლად ან შფოთვისთვის

• კარბამაზეპინი, ფენიტოინი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ)

•ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი ფელოდიპინი და ლოზარტანი (ჰიპერტენზიისთვის

  • მაღალი არტერიული წნევა)

• ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (ტრანსპლანტატის განდევნის თავიდან ასაცილებლად)

• ციკლოსფოსფამიდი, ვინკას ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ

• ჰალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ)

• სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი და ფლუვასტატინი ან მსგავსი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მომატებული დონის დასაწევად

• მეტადონი (გამოიყენება ტკივილის დროს)

• ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასს))

• ორალური კონტრაცეპტივები

• პრედნიზონი (სტეროიდი)

• ზიდოვუდინი, ასევე ცნობილი როგორც AZT; საქვინავირი (გამოიყენება აივ დაინფიცირებულ პაციენტებში)

• დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი

• თეოფილინი (გამოიყენება ასთმის გასაკონტროლებლად)

• ვიტამინი A (კვებითი დანამატი)

• ივაკაფტორი (გამოიყენება კისტოზური ფიბროზის სამკურნალოდ).

მედოფლუკონი საკვებთან და სასმელთან ერთადბ

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი წამალი საკვების მიღების დროს ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თქვენ არ უნდა მიიღოთ მედოფლუკონი, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ცდილობთ დაორსულდეთ ან ძუძუთი კვებავთ, თუ ექიმმა არ გითხრათ ამის შესახებ.

ფლუკონაზოლის მიღებამ ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება გაზარდოს სპონტანური აბორტის რისკი. ფლუკონაზოლის დაბალი დოზების მიღებამ პირველ ტრიმესტრში შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბავშვის თანდაყოლილი დეფექტებით დაბადების რისკით, ძვლების და/ან კუნთების დაზიანებით.

შეგიძლიათ გააგრძელოთ ძუძუთი კვება 200 მგ-მდე მედოფლუკონის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. არ უნდა კვებოთ ძუძუთი, თუ იღებთ მედოფლუკონის განმეორებით დოზას.

ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან მექანიზმების გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვები.

მედოფლუკონი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მედოფლუკონი ასევე შეიცავს Sunset yellow FCF (E110) (მედოფლუკონი 200 მგ) და Carmoisine (E122) (მედოფლუკონი 50 მგ & 200 მგ), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

3. როგორ მიიღება მედოფლუკონი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. უმჯობესია კაფსულების მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

ამ მედიკამენტის ჩვეულებრივი დოზები სხვადასხვა ინფექციებისთვის მოცემულია ქვემოთ:

მოზრდილები

მდგომარეობა | დოზა
---|---
კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ | 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ 6-დან 8 კვირამდე ან უფრო დიდხანს საჭიროების შემთხვევაში.
ზოგჯერ დოზა იზრდება 800 მგ-მდე.
კრიპტოკოკური მენინგიტის შებრუნების თავიდან აცილების მიზნით | 200 მგ ერთხელ დღეში, ვიდრე არ გეტყვიან შეწყვეტას
კოქციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ | 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ 11 თვიდან 24 თვემდე ან უფრო დიდხანს საჭიროების შემთხვევაში. ზოგჯერ დოზა იზრდება 800 მგ-მდე.
Candida-თი გამოწვეული შინაგანი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ | 800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში, ვიდრე არ გეტყვიან შეწყვეტას
ლორწოვანი გარსის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც აზიანებენ პირის ღრუს ლორწოვან გარსს, ყელს და კბილის პროთეზს | 200 მგ-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ-დან 200 მგ-მდე, ვიდრე არ გეტყვიან შეწყვეტას
ლორწოვანი გარსის რძიანას სამკურნალოდ - დოზა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე | 50 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ 7-დან 30 დღემდე, ვიდრე არ გეტყვიან შეწყვეტას
ლორწოვანი გარსის ინფექციების შესაჩერებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ პირის ღრუს, ყელის ლორწოვან გარსზე | 100 მგ-დან 200 მგ-მდე დღეში ერთხელ, ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში, თუ თქვენ ხართ ინფექციის რისკის ქვეშ
გენიტალური რძიანას სამკურნალოდ | 150 მგ ერთჯერადი დოზით
ვაგინალური რძიანას რეციდივის შესამცირებლად | 150 მგ ყოველ მესამე დღეს, სულ 3 დოზა (დღე 1, 4 და 7) და შემდეგ კვირაში ერთხელ იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე თქვენ გაქვთ ინფექციის რისკი
კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ | ინფექციის მდებარეობიდან გამომდინარე, 50 მგ ერთხელ დღეში, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300-დან 400 მგ კვირაში ერთხელ 1-დან 4 კვირამდე (ათლეტის ფეხი შეიძლება იყოს 6 კვირამდე, ფრჩხილის ინფექციის სამკურნალოდ, ინფიცირებული ფრჩხილის შეცვლამდე)
Candida-თი გამოწვეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად (თუ თქვენი იმუნური სისტემა სუსტია და არ მუშაობს სათანადოდ) | მიიღეთ 200 მგ-დან 400 მგ-მდე დღეში ერთხელ, ვიდრე თქვენ გაქვთ ინფექციის რისკი

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

• 12-დან 17 წლამდე მოზარდები:

დაიცავით ექიმის მიერ დანიშნული დოზა (მოზრდილებისთვის ან ბავშვებისთვის).

• 11 წლამდე ბავშვები

მაქსიმალური დოზა ბავშვებისთვის არის 400 მგ დღეში.

დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე კილოგრამებში.

მდგომარეობა | დღიური დოზა
---|---
ლორწოვანი გარსის რძიანა და ყელის ინფექციები გამოწვეული Candida-თი - დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და იმაზე, თუ სად მდებარეობს ინფექცია | 3 მგ კგ სხეულის წონაზე (შეიძლება მიეცეს 6 მგ 1 კგ სხეულის წონაზე პირველ დღეს)
კრიპტოკოკური მენინგიტი ან Candida-თი გამოწვეული შინაგანი სოკოვანი ინფექციები | 6 მგ-დან 12 მგ-მდე კგ სხეულის წონაზე
Candida-თი გამოწვეული ინფექციის თავიდან ასაცილებლად ბავშვებში (თუ მათი იმუნური სისტემა არ მუშაობს სათანადოდ) | 3 მგ-დან 12 მგ-მდე კგ სხეულის წონაზე

• გამოყენება 0-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში; გამოყენება 3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში:

იგივე დოზა, როგორც ზემოთ, მაგრამ ინიშნება 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზაა 12 მგ კგ სხეულის მასაზე ყოველ 48 საათში.

• გამოყენება 2 კვირაზე ნაკლები ასაკის ბავშვებში:

იგივე დოზა, როგორც ზემოთ, მაგრამ ინიშნება 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზაა 12 მგ კგ სხეულის მასაზე ყოველ 72 საათში.

ხანდაზმულები

ინიშნება ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის, თუ არ არის თირკმლების პრობლემები.

თირკმლის უკმარისობა

ექიმმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი დოზა, თქვენი თირკმლების ფუნქციის მიხედვით.

თუ თქვენ მიიღეთ იმაზე მეტი მედოფლუკონი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:

ძალიან ბევრი კაფსულის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. შესაძლო დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს არარეალურ მოსმენას, ხედვას, გრძნობას და ფიქრს (ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა). შესაძლოა ადეკვატური იყოს სიმპტომური მკურნალობა (შემანარჩუნებელი ზომებით და კუჭის ამორეცხვით, საჭიროების შემთხვევაში).

თუ დაგავიწყდათ მედოფლუკონის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

• უეცარი ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ან შებოჭილობა მკერდში

• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება

• ქავილი მთელ სხეულზე კანის სიწითლე ან წითელი ლაქები ქავილით

• კანის გამონაყარი

• კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, რომელიც იწვევს ბუშტუკებს (ამან შეიძლება დააზიანოს პირის ღრუ და ენა).

• ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან მედიკამენტოზური ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

მედოფლუკონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ღვიძლზე. ღვიძლის პრობლემების ნიშნებია:

• დაღლილობა

• მადის დაკარგვა

• ღებინება

• კანის ან თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება (სიყვითლე)

თუ რომელიმე ჩამოთვლილს შეამჩნევთ, შეწყვიტეთ მედოფლუკონის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

სხვა გვერდითი ეფექტები:

გარდა ამისა, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გართულდება, ან თუ შეამჩნევთ რომელიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში) არის:

• თავის ტკივილი

• კუჭის დისკომფორტი, ფაღარათი, ავადმყოფობის შეგრძნება, ღებინება

• სისხლში ღვიძლის ფუნქციის ტესტების მომატება

• გამონაყარი

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში) არის:

• სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის სიფერმკრთალე და გამოიწვიოს სისუსტე ან ქოშინი

• მადის დაქვეითება

• უძილობა, ძილიანობის შეგრძნება

• კრუნჩხვა, თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, ჩქმეტა, ჩხვლეტა ან დაბუჟება, გემოს შეგრძნების ცვლილება

• ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე

•კუნთების ტკივილი

• ღვიძლის დაზიანება და კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

•ბებერა, ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი, გაძლიერებული ოფლიანობა

• დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ცხელება

• წამლისმიერი გამონაყარი ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარის ჩათვლით

იშვიათი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში:

• ნორმალურზე დაბალი სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც იცავენ ინფექციებისგან და სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შეჩერებას

• კანის წითელი ან იასამნისფერი შეფერილობა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოციტების დაბალი რაოდენობით, სისხლის სხვა უჯრედების ცვლილებებით

• სისხლის ქიმიური შემადგენლობის ცვლილებები (სისხლში ქოლესტერინის, ცხიმების მაღალი დონე)

• კალიუმის დაბალი რაოდენობა სისხლში

• კანკალი

• პათოლოგიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), გულისცემის ან რითმის ცვლილება

• ღვიძლის უკმარისობა

• ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე), მათ შორის გავრცელებული ბუშტუკოვანი გამონაყარი და კანის აქერცვლა, კანის მძიმე რეაქციები, ტუჩების ან სახის შეშუპება

• თმის ცვენა

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

5. როგორ ინახება მედოფლუკონი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მედოფლუკონი

- აქტიური ნივთიერებაა ფლუკონაზოლი. თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მგ, 150 მგ ან 200 მგ ფლუკონაზოლს.

- სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზა, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი (all E.P.). კაფსულის გარსის საღებავებია Carmosine (E122) – 50მგ და 200მგ-სთვის, Patent Blue (E131), ტიტანის დიოქსიდი (E171) – 50მგ და 150მგ-სთვის, Sunset Yellow FCF (E110), და Ponceau 4R (E124) 200მგ კაფსულებისთვის.

როგორ გამოიყურება მედოფლუკონი და შეფუთვის შიგთავსი

მედოფლუკონი 50 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები ფხვნილით, ლურჯი თავსახურით და თეთრი კორპუსით.

მედოფლუკონი 150 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები ფხვნილით, ლურჯი თავსახურით და ლურჯი კორპუსით.

მედოფლუკონი 200 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები წითელი თავსახურით და თეთრი კორპუსით.

მედოფლუკონის კაფსულები მიეწოდება ალუმინის ფოლგისა და პვქ ფირის ან ალუმინიალუმინის ბლისტერებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შეფუთვაში 7 კაფსულა 50 მგ (ალუ-პვქ), 1 (ალუ-ალუ) ან 10 (პვქ-ალუ) 150 მგ და 1 (ალუ-ალუ), 7, 10 და 100 კაფსულა (პვქ-ალუ) 200 მგ-თვის. ასევე ხელმისაწვდომია 10 და 100 კაფსულა პვქ-ს დამცავ კონტეინერში 200 მგ-თვის.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი :

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით